Logo pmcg

გამოცემა 66: ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები

02-Feb-2016
ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები
გამოცემა  #66 / 02.02.2016

 

2016 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.47 ლარია.

2016 წლის იანვრის თვის განმავლობაში, ლარი დოლარის მიმართ 0.08 ერთეულით (3.1%-ით) გაუფასურდა, ხოლო 2014 წლის იანვართან შედარებით - 0.5 ერთეულით (25.5%-ით).

აღნიშნული ბიულეტენი მიმოიხილავს იმ ძირითადი ინდიკატორების დინამიკას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებასა და ქვეყნიდან მის გადინებას, კერძოდ: საგარეო ვაჭრობა (ექსპორტი და იმპორტი), ფულადი გზავნილები, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სახელმწიფოს საგარეო ვალი (ახალი ვალი და ვალის მომსახურება).

1

 

2

                                                                                                                                წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2014-15 წლებში, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას დოლარის მიმართ ზრდადი ტენდენცია აქვს. 2016 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.47 ლარს უტოლდება. 2016 წლის იანვარში, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა როგორც წინა თვესთან (3.1%-ით), ასევე 2014 წლის იანვართან (25.5%-ით) შედარებით.





2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, შემცირებულია როგორც საქონლის ექსპორტი (-23.0%; -657.0 მლნ. აშშ დოლარი), ასევე საქონლის იმპორტი (-10.1%; -869.0 მლნ. აშშ დოლარი)*. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება. ამასთან, იმპორტის ექსპორტთან შედარებით უფრო მეტად შემცირებამ გამოიწვია სავაჭრო ბალანსის 211.9 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესება.

 



* აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს C ჰეპატიტის წამლებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანას საჩუქრად გადაეცა და ფული არ გადაუხდია, ე.ი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება არ მოჰყოლია.  თუ მათ  (447 მლნ. აშშ დოლარი) არ გავითვალისწინებთ, მაშინ აღნიშნულ პერიოდში, იმპორტის მოცულობა 1316 მლნ. აშშ დოლარია, რაც 15.3%-ით ჩამოუვარდება 2014 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსი 659.0 მლნ. აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული.

 

3        წყარო: საქსტატი

4
       წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 





2015 წელს, უცხოეთიდან ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 1080.0 მლნ. აშშ დოლარია, რაც 25%-ით ჩამოუვარდება 2014 წლის მაჩვენებელს. ფულადი გზავნილების 40.1% რუსეთიდან, 10.9% საბერძნეთიდან, 10.1% იტალიიდან, 9.3% აშშ-დან, 6.4% თურქეთიდან, ხოლო 23.2% სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან შემოვიდა.

ფულადი გზავნილები შემცირებულია ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან (-39.0%; -276.6 მლნ. აშშ დოლარი), საბერძნეთიდან (-42.5%; -87.0 მლნ. აშშ დოლარი), იტალიიდან (-10.2%; -12.4 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინიდან (-32.3%; -10.0 მლნ.აშშ დოლარი).

უცხოეთში ფულადი გზავნილების გადარიცხვა საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. 2015 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 170.8 მლნ.აშშ დოლარია, რაც 4.1%-ით ჩამოუვარდება 2014 წლის მაჩვენებელს. გაზრდილია საქართველოდან ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთის ფედერაციაში (6.7%), თურქეთში (21.2%), მოლდოვაში (66.3%), ჩეხეთის რესპუბლიკასა (65.8%) და ყაზახეთში (12.9%).





ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების (ტურისტების) რაოდენობა ქვეყანაში. 2015 წელს საქართველოს 5 897 685 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 6.9%-ით (382.1 ათასი კაცით) აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს.


2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით*, სერვისების ექსპორტის მოცულობა 2.406.9 მლნ. აშშ დოლარია, რაც 3.4% -ით (79.6 მლნ. აშშ დოლარი) აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.

 



* 2015 წლის ჯამური მაჩვენებელი გამოქვეყნდება მარტში

 

 

5

     წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

6        წყარო: საქსტატი

 







2015 წლის პირველ სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.3%-ით არის შემცირებული 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. კლება ფიქსირდება პირველ და მესამე კვარტლებში (-43.4%; -32.6%), ხოლო მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (80.8%).







ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კიდევ ერთი წყაროა საგარეო ვალი, ხოლო გადინების - ვალის მომსახურებისა და დაფარვისთვის გაწეული ხარჯები.

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფოს აქვს 4314.9 მლნ. აშშ დოლარის საგარეო ვალდებულება. მათ შორის, 2015 წელს აიღო 115.1 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ვალდებულება. აღნიშნულ პერიოდში, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯებმა 245.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯებმა 77.1 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ვალის ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯებმა 168.3 მლნ. აშშ დოლარი.

 

7

     წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                     საქართველოს ეროვნული ბანკი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებას მოჰყვა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება დოლარის მიმართ, რამაც თავის მხრივ, დროითი ლაგით (მოგვიანებით), შეამცირა იმპორტის მოცულობაც და ვალუტის შემოდინების  დანაკლისის დაბალანსება ხდება გადინების შემცირებით, შედეგად, ძველი საგარეო შოკების გავლენით კურსის შემდგომი გაუფასურება არ არის მოსალოდნელი.

8

            წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი  
                            საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     წინასწარი*
                            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                            

FooterIMG 

 

Developed by LLC FENOM