Logo pmcg

გამოცემა 104: გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები

10-Jul-2018

 

გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები
გამოცემა #104/ 10.07.2018

2014-2017 წლებში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ ყოველი წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფასურდებოდა (მაგ: 2014 წელს გაუფასურდა 5.5%-ით, 2015 - 18.5%-ით, 2016 - 17.5%ით, 2017 - 6.9%-ით). 2014 წლის შემდეგ, პირველად, 2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ლარი დოლარის მიმართ 4.5%-ით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.49 ლარი შეადგინა (2018 წლის I კვარტლის საშუალო გაცვლითი კურსი).

 

აღნიშნულ ბიულეტენში განვიხილავთ იმ ძირითად საგარეო ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გაცვლითი კურსის ფორმირებაზე, გავაანალიზებთ მათ დინამიკას და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომელი მათგანი შესაძლოა ყოფილიყო ლარის კურსის გამყარების გამომწვევი ფაქტორი. განხილული საგარეო ფაქტორები მოიცავს: ფულადი გზავნილებს, საერთაშორისო ვიზიტორებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, საგარეო ვაჭრობას და საქართველოს საგარეო ვალს.

 

2

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ფულადი გზავნილების დინამიკა

 

ფულადი გზავნილები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2018 წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ 355 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.4%-ით აღემატება 2017 წლის I კვარტლის მაჩვენებელს. 2018 წლის I კვარტალში ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია.

 

2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობების მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზარდა ისრაელიდან (14 მლნ აშშ დოლარით, 62%-ით) დაიტალიიდან (12.7 მლნ აშშ დოლარით, 41.5%-ით) განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა.

 

საქართველოდან უცხოეთში, 2018 წლის I კვარტალში, 53.9 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვა განხორციელდა, რაც 20.4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

2017 წლის I კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთში (2.6 მლნ აშშ დოლარით, 13.4%-ით) და თურქეთში (1.3 მლნ აშშ დოლარით, 39.2%-ით).

საერთაშორისო ვიზიტორების დინამიკა

2018 წლის I კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების1 მიერ 1.6 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, რაც 14.8 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2018 წლის I კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების2 მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ - 1.3 მილიონი, ხოლო მათ შორის ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 839.5 ათასი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად 19.7%-ითდა 26.3%-ით აღემატება 2017 წლის I კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებს.

 

2018 წლის I კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 550.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, 29.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2018 წლის I კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისზრდამ ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია.

 

საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში ტურისტულმა დანახარჯებმა 105.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გამო საგადასახდელო ბალანსი 2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 100.6 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

 

 ტურიზმი წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საგარეო ვაჭრობის დინამიკა

 ვაჭრობა წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წლის I კვარტალში საქართველოდან 732 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის I კვარტლის მონაცემს. იმპორტის მოცულობამ 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 22.6%-ით მეტი 2017 წლის I კვარტალთან შედარებით. 2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, სავაჭრო ბალანსი 20.4%-ით გაუარესდა (228 მილიონი აშშ დოლარით).

 

2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა ყველაზე მეტად გაიზარდა აზერბაიჯანში (45.2 მლნ აშშ დოლარით, 145%-ით) და თურქეთში (30.6 მლნ აშშ დოლარით, 55.8%-ით).

 

2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, იმპორტის მოცულობა ყველაზე მეტად გაიზარდა საფრანგეთიდან (66 მლნ აშშ დოლარით, 252.3%-ით) და რუსეთიდან (63 მლნ აშშ დოლარით, 42.2%-ით).

  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა
 

2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა და 279.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად თურქეთიდან (151.9 მილიონი დოლარით, 186.5%-ით) და აზერბაიჯანიდან (45.8 მილიონი დოლარით, 47.3%-ით) განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა.

 ინვესტიციები
საქართველოს საგარეო ვალის დინამიკა
 ვალი

2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის3 მოცულობამ 17.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნული 8.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის I კვარტალში მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ 192.6 მლნ აშშ დოლარი (2017 წლის IV კვარტალთან შედარებით), ხოლო 2017 წლის I კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 180.5 მლნ აშშ დოლარით იყო გაზრდილი(2016 წლის IV კვარტალთან შედარებით).

 

2018 წლის I კვარტალში, სახელმწიფო საგარეო ვალმა4 7.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 3.8 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების ვალმა 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო კომპანიათაშორის ვალმა 2.6 მლრდ აშშ დოლარი.

როგორც ცნობილია, უცხოური ვალუტის მზარდი შემოდინება ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას. შესაბამისად, შეგვიძლია, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ 2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, ლარის გამყარებას ფულადი გზავნილების, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და საქართველოს საგარეო ვალის ზრდამ შეუწყო ხელი.

 

რაც შეეხება პირდაპირ უცხოური ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შესაძლო გავლენას ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე აშშ დოლართან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინება გაიზარდა, სავარაუდოდ, ისინი არ წარმოადგენენ ლარის კურსის გამყარების განმაპირობებელ ფაქტორებს.

ბოლო ცხრილი

* წინასწარი

1 საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ის გამორიცხავს საქართველოს რეზიდენტ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოიცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნის რეზიდენტები არიან. მოიცავს საერთაშორისო ვიზიტორებს და სხვა (არატურისტულ) მოგზაურებს (წყარო: GNTA).

 

2 საერთაშორისო ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. საქართველოში ჩვეული გარემოს განსასაზღვრად შემდეგი მეთოდი გამოიყენება, ჩვეულ გარემოში ითვლება ისვიზიტები რომელიც თვეში 8-ჯერ ან 8-ზე მეტჯერ ხორციელდება. მოიცავს ტურისტულ ვიზიტს და ერთდღიან ვიზიტს. (წყარო: GNTA).

 

3 მოიცავს სამთავრობო სექტორის, ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის, სხვა სექტორების ვალს და პირდაპირი ინვესტიციები:კომპანიათაშორის სესხებს.

 

4 სახელმწიფო ვალში შედის სამთავრობო სექტორის, ეროვნული ბანკის და სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები.



PMCG Research  |  Giorgi Khishtovani  | This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. | +995 32 2 921 171 (103)   |  http://www.research.pmcg-i.com|

Developed by LLC FENOM