Logo pmcg

გამოცემა 36: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - 2014

25-Dec-2014
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - 2014
გამოცემა  #36 / 25.12.2014

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი სრულად შესრულდება, ხარჯვითი ნაწილი კი, დაახლოებით 98%-ით. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილს დაახლოებით 70-80 მლნ. ლარით გადააჭარბებს.

 

2014 წლის პირველ თერთმეტ თვეში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება დღგ-დან (17.5%; 445.7 მლნ. ლარი), აქციზის გადასახადიდან (12.3%; 80.6 მლნ. ლარი) და გრანტად მიღებული შემოსავლებიდან (45%; 62.4 მლნ. ლარი), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ყველაზე მეტად გაზრდილია ხარჯები სოციალურ უზრუნველყოფაზე (24%; 445.7 მლნ. ლარი) და საქონელსა და მომსახურებაზე (17%; 106.7 მლნ. ლარი).

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, 2011-2014    

1

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

2014 წლის პირველ თერთმეტ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები (6544.8 მლნ. ლარი) გაზრდილია (10.0%; 593 მლნ. ლარი), წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და წლიური გეგმის (7319 მლნ.ლარი) 89.4%-ია (ჩამორჩენა 774.2 მლნ. ლარი). მათ შორის, გადასახადები შესრულებულია 89.6%-ით, გრანტები - 139.6%-ით, ხოლო სხვა შემოსავლები - მხოლოდ 65.8%-ით.

 

წინა წლების დინამიკის ექსტრაპოლაციით და ყველაზე კონსერვატული პროგნოზის შემთხვევაში (რაც ნიშნავს, რომ დეკემბერში მობილიზებული იქნება მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 11.3%), დეკემბერში შემოსავლების სახით ბიუჯეტს დაემატება 830 მლნ. ლარი. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულდება დაახლოებით 101%-ით.

    სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, 2011-2014

2014 წლის პირველ თერთმეტ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები (6481.5 მლნ. ლარი) გაზრდილია (14.5%; 821.6 მლნ.ლარი), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, და წლიური გეგმის (7478.7 მლნ. ლარი) 86.7%-ია (ჩამორჩენა 997.2 მლნ. ლარი).

 

გასული წლების დეკემბერში საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯვის დინამიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხარჯების დაახლოებით 2% (150 მლნ. ლარი) არ შესრულდება. მაგალითად: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაახლოებით 50-60 მლნ. ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 20-25 მლნ. ლარი აუთვისებელი დარჩებათ.

 

 

2

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დამატებული ღირებულების გადასახადი, 2011-2014    

3

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

2014 წლის პირველ თერთმეტ თვეში დღგ-დან შემოსავლები (2998.6 მლნ.ლარი) წლიური გეგმის (3274 მლნ. ლარი) 91.6%-ია (ჩამორჩენა 275 მლნ. ლარი).

 

თუ დავეყრდნობით წინა წლების დეკემბერში დღგ-ის მობილიზების ტემპებს, ექსტრაპოლაციის მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის დეკემბერში შემოსავალი დღგ-დან დაახლოებით 310 მლნ.ლარი იქნება. აქედან გამომდინარე, დღგ-ის დაგეგმილი მაჩვენებელი, დაახლოებით, 101%-ით შესრულდება.

 

    საშემოსავლო გადასახადი, 2011-2014

2014 წლის პირველ თერთმეტ თვეში საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებულია (1579 მლნ. ლარი) წლიური გეგმის (1770 მლნ. ლარის) 89.2% (ჩამორჩენა 191 მლნ.ლარი).

 

კონსერვატული გათვლებით, 2014 წლის დეკემბრის თვეში საშემოსავლო გადასახადიდან დაახლოებით 260 მლნ. ლარი დაემატება ბიუჯეტს. შესაბამისად, გეგმა 104%-ით შესრულდება.

 

4

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოგების გადასახადი, 2011-2014    

5

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

2014 წლის პირველ თერთმეტ თვეში მოგების გადასახადიდან აკუმულირებულია 690.1 მლნ. ლარი, რაც წლიური გეგმის (912 მლნ.ლარი) 75.7%-ია (ჩამორჩენა 221.8 მლნ. ლარი).

 

აღნიშნული ჩამორჩენა იმდენად დიდია, რომ ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაშიც კი (რაც ნიშნავს, რომ დეკემბრის თვეში მობილიზებული იქნება მთლიანი შემოსავლის 15%) დეკემბერში მოგების გადასახადიდან აიკრიფება 120 მლნ.ლარი, რაც ნიშნავს, რომ, შესაბამისად, წლის ბოლოს შესრულდება გეგმის მხოლოდ 89%.

    იმპორტის გადასახადი, 2011-2014

2014 წლის პირველი თერთმეტი თვის მდგომარეობით იმპორტის გადასახადიდან შემოსავლები (86.9 მლნ. ლარი) წლიური გეგმის (100 მლნ. ლარი) 86.9%-ია (ჩამორჩენა გეგმასთან 13.1 მლნ.ლარი). 

 

თუ გავითვალისწინებთ წინა წლების ტენდენციებს, დეკემბერში იმპორტი საშუალოდ 4.3%-ით იზრდება, ნოემბერთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2014 წლის დეკემბერში (დღევანდელი მდგომარეობით) ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში (6.7%), რაც, სავარაუდოდ, გააძვირებს იმპორტს და შეამცირებს მის მოცულობას. ამის გათვალისწინებით, 2014 წლის დეკემბერში იმპორტი მხოლოდ 1.5%-ით გაიზრდება, რის შედეგადაც დეკემბერში იმპორტის გადასახადიდან შემოსავალი მხოლოდ 5 მლნ. ლარი იქნება. ეს ნიშნავს, რომ გეგმა მხოლოდ 92%-ით შესრულდება.

 

6

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

აქციზის გადასახადი, 2011-2014    

7

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

2014 წლის პირველ თერთმეტ თვეში აქციზის გადასახადიდან შემოსავალი (735 მლნ.ლარი) წლიური გეგმის (739 მლნ.ლარი) 99.5%-ს შეადგენს (ჩამორჩენა 4 მლნ.ლარი), რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ აქციზის გადასახადიდან შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი დაგეგმილს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

 

წინა წლებში აქციზის გადასახადიდან შემოსავლების დინამიკისა და 2014 წლის დეკემბერში იმპორტის ზრდის ტემპის შემცირების გათვალისწინებით, დეკემბერში მობილიზებული იქნება, დაახლოებით, 78 მლნ. ლარი. რაც გულისხმობს, რომ წელს აქციზის გადასახადიდან შემოსავალი 110%-ით შესრულდება.

7256

 

FooterIMG 

Developed by LLC FENOM