Logo pmcg

გამოცემა 42: საგარეო ვაჭრობა - 2014

27-Mar-2015
საგარეო ვაჭრობა - 2014
გამოცემა  #42 / 27.03.2015

2014 წელს რეგისტრირებული სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 11 457 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 75% იმპორტი, ხოლო 25% ექსპორტია. 2014 წელს შემცირდა ექპორტის (-1.6%) , ხოლო გაიზარდა იმპორტის ( 7.1%) მოცულობა 2013 წელთან შედარებით.
ექსპორტი მნიშნველოვნად შემცირდა 2014 წლის IV კვარტალში (-20.5%). აღნიშნული მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას 2015 წლის იანვარ-თებერვალშიც (-26.9%) 2014 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით. ამ პერიოდში შემცირებულია იმპორტიც (-2.2%).

 

ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, 2012-2014    

საგარეო ვაჭრობა1

წყარო: საქსტატი

 

2014 წელს გაზრდილია რეგისტრირებული სავაჭრო ბრუნვა (4.7%, 523 მლნ. აშშ დოლარი) 2013 წელთან შედარებით. ამასთან, გაზრდილია იმპორტის (1.62 პროცენტული პუნქტი), ხოლო შემცირებულია ექსპორტის წილი (-1.62 პროცენტული პუნქტი) რეგისტრირებულ სავაჭრო ბრუნვაში.

 

ამ პერიოდში გაუარესებულია სავაჭრო ბალანსი (-12.06%, 617 მლნ. აშშ დოლარი), რაც განპირობებულია ექსპორტის შემცირებით  (-1.6%; 47 მლნ. აშშ დოლარი) და იმპორტის გაზრდით (7.1%, 570 მლნ. აშშ დოლარი).

 

ექსპორტმა შემცირება დაიწყო 2014 წლის III კვარტლიდან (-6.15%). აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა (-20.5%) 2014 წლის IV კვარტალში 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და კვლავ განაგრძობს შემცირებას.  2015 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის მოცულობა 26.9%-ით (115.6 მლნ. აშშ დოლარი) ჩამოუვარდება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამ პერიოდში შემცირებულია იმპორტის მოცულობაც (-2.23%; 25.3 მლნ. აშშ დოლარი). იმის გამო, რომ ექსპორტი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე იმპორტი, სავაჭრო ბალანსი გაუარესებულია (90.19 მლნ. აშშ დოლარი).

 

 

 
იმპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2012-2014   ექსპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2012-2014

საგარეო ვაჭრობა2

წყარო: საქსტატი

 

საგარეო ვაჭრობა3

 წყარო: საქსტატი

2014 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (10.7%), მსუბუქი ავტომობილები (8.3%), ნავთობის აირები (4.3%), სამკურნალო საშუალებები (3.7%) და სატელეფონო აპარატები (2.27%). ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტირდება ძირითადად რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და თურქმენეთიდან; მსუბუქი ავტომობილები - იაპონიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, კორეიდან და ბრიტანეთიდან; ნავთობის აირები - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან; სამკურნალო საშუალებები - თურქეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ბულგარეთიდან; სატელეფონო აპარატები - ემირატებიდან, ჩინეთიდან, ვიეტნამიდან, ნიდერლანდებიდან და აშშ-დან.

 

2014 წელს, გაზრდილია სატელეფონო აპარატების (28.9%), ნავთობის აირების (16.5%), სამკურნალო საშუალებებისა (12.07%) და მსუბუქი ავტომობილების (0.64%) იმპორტი 2013 წელთან შედარებით. სატელეფონო აპარატებისა და ნავთობის აირების იმპორტის მაჩვენებლის ზრდა განპირობებულია როგორც მოცულობის, ასევე ფასის ზრდით, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისა და სამკურნალო საშუალებების - მხოლოდ მოცულობის ზრდით, რადგან მათი ფასი შემცირებულია.

 

ამ პერიოდში შემცირებულია ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელი (-3.78%), რაც განპირობებულია მისი საიმპორტო ფასის შემცირებით (მოცულობა გაზრდილია).

 

2014 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია: მსუბუქი ავტომობილები (18.1%), ფეროშენადნობები (10%), სპილენძის მადანი (8.7%), თხილი (6.4%) და ღვინო (6.3%). მსუბუქი ავტომობილები ექსპორტირდება, ძირითადად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ბელგიაში; ფეროშენადნობები - აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთში; სპილენძის მადნები - ბულგარეთში, ჩინეთში, ესპანეთსა და სინგაპურში; თხილი - იტალიაში, გერმანიაში, ყაზახეთში, ესპანეთსა და სლოვაკეთში; ღვინო - რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიასა და ჩინეთში.

 

2013 წელთან შედარებით გაზრდილია სპილენძის მადნის (53.5%), ღვინის (41.4%), ფეროშენადნობებისა (24.3%) და თხილის (10%) ექსპორტი. ღვინისა და ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა განპირობებულია, როგორც ექსპორტირებული მოცულობის ასევე, მათი ფასის ზრდით. სპილენძის მადნის შემთხვევაში - ექსპორტირებული მოცულობის ზრდით (ფასი შემცირებულია), ხოლო თხილის შემთხვევაში - ფასის ზრდით (მოცულობა შემცირებულია).

 

ამ პერიოდში საგრძნობლად არის შემცირებული მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (-26.44%), რაც გამოწვეულია აზერბაიჯანის მიერ 2014 წლის აპრილში მიღებული ევრო-4-ის გარემოსდაცვითი სტანდარტით, რომელიც ზღუდავს ევროკავშირის ქვეყნებში 2005 წლამდე, ხოლო აშშ-სა და იაპონიაში 2011 წლამდე წარმოებული ავტმობილების იმპორტს.

     
ხუთი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა იმპორტში, 2012-2014   ხუთი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა ექსპორტში, 2012-2014
საგარეო ვაჭრობა4   საგარეო ვაჭრობა5
 წყარო: საქსტატი    წყარო: საქსტატი

2014 წელს იმპორტში საქართველოს ხუთი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანაა: თურქეთი (20.09%), ჩინეთი (9.1%), აზერბაიჯანი (7.3%), რუსეთი (6.4%) და უკრაინა (6.0%). ამ პერიოდში გაიზარდა იმპორტი თურქეთიდან (22.6%) და ჩინეთიდან (19.87%), ხოლო შემცირდა უკრაინიდან (-9.38%), აზერბაიჯანიდან (-2.35%) და რუსეთიდან (-1.71%) 2013 წელთან შედარებით.

 

თურქეთიდან იმპორტირებულია, ძირითადად: სამკურნალო საშუალებები, ძრავები, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან და მათი ნაწილებისგან, მილები და მილაკები, მავთულები, ბავშვის სახვევები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები; ჩინეთიდან - გამომთვლელი მანქანები, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან, სატელეფონო აპარატები, მაცივრები და საყინულე მოწყობილობები, ავეჯი, სარეცხი მანქანები, რეზინის სალტეები და საბურავები; აზერბაიჯანიდან - ნავთობის აირები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, თაბაშირი, ელექტროენერგია, პულტები, მარგარინი, ჩაი და ზეთი; რუსეთიდან - ხორბალი და მესლინი, ნავთობის აირები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ელექტროენერგია, შოკოლადი, ზეთი და სამკურნალო საშუალებები; უკრაინიდან - სიგარები, სიგარილები და სიგარეტი, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან, ნახშირი, შოკოლადი, ზეთი, ფრინველის ხორცი, პური და ფქვილოვანი ნაწარმი.

 

2014 წელს ექსპორტში საქართველოს ხუთი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანაა: აზერბაიჯანი (18.5%), სომხეთი (10.6%), რუსეთი (9.3%), თურქეთი (8.3%) და აშშ (6.1%). ამ პერიოდში ექსპორტი გაიზარდა რუსეთში (44.18%), თურქეთსა (30.87%) და აშშ-ში (52.16%), ხოლო შემცირდა აზერბაიჯანსა (-23.31%) და სომხეთში (-8.61%) 2013 წელთან შედარებით.

 

აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირება განპირობებულია მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცემენტის და ცხვრების და თხების ექსპორტის შემცირებით. აზერბაიჯანში ასევე ექსპორტირდება სამკურნალო საშუალებები, მინერალური და გაზიანი წყლები და წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან.

 

სომხეთში ექსპორტის შემცირება განპირობებულია ექპორტირებული ხორბლისა და მესლინის და სიმინდის შემცირებით. სომხეთში, ასევე, ექსპორტირდება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, სასუქები, კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები და ელექტროენერგია.

 

რუსეთში ექსპორტირდება ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ფეროშენადნობები, ციტრუსები, მსუბუქი ავტომობილები და ელ. ენერგია.

 

თურქეთში ექსპორტირდება სასუქები, ნახევარფაბრიკატები, ელ. ენერგია, ფქვილი, ფეროშენადნობები და მსუბუქი ავტომობილები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან, თევზის ქონი და ქალის კოსტუმები/ბლუზები.

 

აშშ-ში ექსპორტირდება ძირითადად ფეროშენადნობები, სასუქები, ძრავები და გადამცემი აპარატურა.

საგარეო ვაჭრობა6

 

FooterIMG 

 

Developed by LLC FENOM