გამოცემა 49: შემცირებული გზავნილების შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

7.07.2015








შემცირებული გზავნილების შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

გამოცემა  #49 / 07.07.2015

 

საქართველო, როგორც მცირე ღია ეკონომიკა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, მათ შორის უცხოეთიდან შემოსულ ფულად ნაკადებზე, როგორებიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. 2015 წლის ბოლომდე მოსალოდნელია ფულადი გზავნილების 330 მლნ.დოლარით შემცირება, თუმცა გაცვლითი კურსისა და მულტიპლიკატორის ეფექტის გათვალისწინებით, აღნიშნული არ გამოიწვევს ნომინალური მშპ-ს (ლარში) 1%-ზე მეტად შემცირებას.

 

ფულადი გზავნილები შინამეურნეობების მოხმარების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც თავის მხრივ მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი კომპონენტია (72%, I კვარტალი 2015). ქვეყნების მიხედვით ჩამორიცხვების სტრუქტურა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რადგან პირველ ხუთეულში შედიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: რუსეთი (37%), საბერძნეთი (16%), იტალია (10%), აშშ (9%) და თურქეთი (7%). მათგან საბერძნეთსა და რუსეთში ეკონომიკური კრიზისია, ხოლო იტალიაში ფიქსირდება მცირე ეკონომიკური ზრდა.

 

2015 წლის იანვარი – მაისის პერიოდში, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული (23.2%; -132.4 მლნ. დოლარი), 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გზავნილები შემცირებულია რუსეთიდან (-42.4%; -119.8 მლნ.დოლარი), საბერძნეთიდან (-18.1%; -15.3 მლნ.დოლარი) და იტალიიდან (-11.6%; -5.8 მლნ.დოლარი), რომელთაც ყველაზე მაღალი წილი აქვთ ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში.

 

კონსერვატული პროგნოზით, თუ შენარჩუნდა იანვარი – მაისის პერიოდში არსებული ტენდენცია, 2015 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა საბერძნეთიდან 40 მლნ. დოლარით, ხოლო რუსეთიდან საშუალოდ 290 მლნ. დოლარით ნაკლები იქნება, 2014 წელთან შედარებით.

 

6789

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2015 წლის იანვარი – მაისის პერიოდში, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ რუსეთზე მოდის, თუმცა მისი წილი შემცირებულია (13 პროცენტული პუნქტი). ამის შედეგად გაიზარდა საბერძნეთის (1 პროცენტული პუნქტით), იტალიის (1 პროცენტული პუნქტით), აშშ-სა (4 პროცენტული პუნქტით) და თურქეთის (3 პროცენტული პუნქტით) წილი მთლიან გზავნილებში.

 

აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთიდან გზავნილების შემიცირება (-15.3 მლნ. დოლარი), რუსეთიდან გზავნილების შემცირების (-119.8 მლნ. დოლარი) ფონზე, არ არის ძალიან დიდი, თუმცა საბერძნეთში შექმნილი მდგომარეობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გზავნილების მოცულობის შემცირებას ხანგრძლივი ეფექტი ექნება.

 

2015 წლის იანვარი – მაისის პერიოდში, საბერძნეთიდან გადმორიცხვები ყოველთვიურად ჩამორჩებოდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, კერძოდ იანვარში – 2.6 მლნ. დოლარით, თებერვალში – 2.5 მლნ. დოლარით, მარტში – 3.6 მლნ. დოლარით, აპრილში – 4.1 მლნ. დოლარით და მაისში – 2.4 მლნ. დოლარით. საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ გზავნილები მომდევნო თვეებში უფრო მეტად შემცირდება.

 

აღნიშნულის ფონზე საყურადღებოა ისიც, რომ 2015 წელს იანვარი – მაისის პერიოდში გაზრდილია ჩამორიცხვები აშშ-დან (26.2%; 8.0 მლნ. დოლარი) და თურქეთიდან ( 21.9%; 5.3 მლნ. დოლარი). აღნიშნული ზრდა ვერ აბალანსებს რუსეთიდან, საბერძეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების შემცირებას, თუმცა ტენდენცია დადებითია, რადგანაც აშშ – დან და თურქეთიდან გზავნილების ზრდის შესაბამისად იზრდება მათი წილი მთლიან გზავნილებში.

 

FooterIMG 

Subscribe to Newsletter

Sign up for the news, job announcements, and events.

Subscribe Newsletter block

Consent(Required)

Sector

Select All
Sector

Periodic Issues

Select All
Periodic Issues
This field is for validation purposes and should be left unchanged.